logo
ENG



ბიბლიური თავისუფლების წევრებმა "ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად" პროცედურა უნდა გაიარონ

13 მარ 202119:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/13/n7z5jk59tfnsikw.jpg

საქართველოს საპატრიარქო პარტია გირჩის მიერ დაფუძნებული ფიქტიური ეკლესიის, ბიბლიური თავისუფლების წევრების ეკლესიის წიაღში დაბრუნების პროცედურას აქვეყნებს, მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბიბლიური თავისუფლების წევრების ზიარება, ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთისცხება და მათთვის წესის აგება მართლმადიდებელმა ეკლესიამ აკრძალა. 

საპატრიარქოს განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაბრუნების მსურველებმა უნდა მიმართონ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელიც მათ ქრისტიანული მოძღვრების ძირითად საკითხებს განუმარტავს. მას შემდეგ, რაც მღვდელმსახური დარწმუნდება ბიბლიური თავისუფლების წევრის "გულწრფელ სინანულში", მის სახელზე რეკომენდაცია უნდა გასცეს ეპისკოპოსთან წარსადგენად, რომელმაც ე.წ. "სინანულის ფურცელზე" მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,"შენდობის ფურცელი", პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით.

საპატრიარქო ე.წ შენდობის ფურცლის ნიმუშსაც აქვეყნებს, რომელშიც აპლიკანტებმა სინანული უნდა გამოთქვან ბიბლურ თავისუფლებაში გაწევრიანების გამო და შენდობა ითხოვონ. 

ბიბლიურ თავისუფლებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით 30 000-მდე საქართველოს მოქალაქეა გაწევრიანებული. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, სინოდმა ყველა მათგანს საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობა შეუზღუდა და მათთვის წესის აგება აკრძალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ბიბლიურ თავისუფლებაში სასულიერო პირის წოდებით გაწევრიანება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღის ნებაყოფლობით დატოვებას ნიშნავდა. 

"სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად", - ვკითხულობთ წმინდა სინოდის განჩინების ტექსტში. 


close დახურვა